საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების, ქართველი და უცხოელი პროფესორების მონაწილეობით საერთაშორისო სისხლის სამართალში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) 2023 წლის 26-27 სექტემბერს გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო - მიმდინარე გამოწვევები და სამართლებრივი ასპექტები“. სამეცნიერო კონფერენცია ორგანიზებული იყო ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის პროექტის - „საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოში“ - ფარგლებში, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტის მიერ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის, ბერლინის ჰუმბოლდტის, მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულეტეტებსა და ბილეფელდის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტთან ერთად.

 

კონფერენცია კავკასიისა და ევროპის რეგიონში არის უნიკალური - მასში მონაწილეობა მიიღო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხუთმა მოსამართლემ ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად. სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდნენ: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები - ქართველი მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე, ფრანგი მოსამართლე მარკ პერინდე ბრიშამბო, კანადელი მოსამართლე კიმბერლი პროსტი, ბრიტანელი მოსამართლე ჯოანა კორნერი, იტალიელი მოსამართლე როსარიო სალვატორე აიტალა; აღიარებული უცხოელი და ქართველი პროფესორები - პროფ. დოქ. იულია გენოისი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტიდან, პროფ. დოქ. ანეტე ვაინკე ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტიდან, პროფ. დოქ. სტეფანი ბოკი მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტიდან, დოქ. მაიელ ჰიერამენტე ჰამბურგიდან, ლონდონელი ბარისტერი ადეტოკუნბო ჰუსეინი დიდი ბრიტანეთიდან, ასოც. პროფ. დოქ. გიორგი თუმანიშვილი თსუ-დან, პროფ. დოქ. ედვარდ შრამი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტიდან, პროფ. დოქ. ბორის ბურგჰარდტი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტიდან, პროფ. დოქ. მერაბ ტურავა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თსუ-დან; ასოც. პროფ. დოქ. გიორგი დგებუაძე თსუ-დან.

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მიზანი იყო საზოგადოებაში, განსაკუთრებით, სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებში, გაეღრმავებინა ცოდნა და დაინტერესება საერთაშორისო სისხლის სამართლის დოქტრინისა და მართლმსაჯულების, კერძოდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის მიმართ. ზოგადად, საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოსა და რეგიონში მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომისა და უკრაინის მოვლენების კონტექსტში. სტუდენტებს, მეცნიერებს, იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს სპეციალისტებს მიეცათ შესაძლებლობა უშუალოდ რომის სტატუტის მოლაპარაკებების მონაწილეებთან, უცხოელ და ქართველ მეცნიერებთან ერთად ემსჯელათ სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების განვითარების საკითხებსა და ამ მიმართებით საქართველოს გამოცდილებაზე.

 

კონფერენციაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საერთაშორისო სამართლისა და სისხლის სამართლის ურთიერთქმედება რომის სტატუტის ფარგლებში; ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულების მატერიალური და მენტალური ელემენტები, ამ დანაშაულებზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოების მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტები; კომპლემენტარულობის პრინციპი; კონკრეტული დანაშაულის ინდივიდუალური შერაცხვა; სისხლისსამართლებრივი დევნის, დაკავების საფუძვლები და მექანიზმები.

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, ფოლკსვაგენის ფონდის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, ხელმძღვანელობდნენ ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის პროფ. დოქტ. ედვარდ შრამი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტის პროფ. დოქტ. ბორის ბურგჰარდტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფ. დოქტ. გიორგი დგებუაძე.

 

დაწვრილებით იხილეთ კონფერენციის პროგრამა

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შესახებ ასევე იხილეთ:

ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტი

მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტი

ბილეფელდის უნივერსიტეტი

 

 

თარიღი: 03/10/2023